ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 მიმდინარეობს.
მე-18 საერთაშორისო კონგრესი 5 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან 300 ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელია ჩამოსული.
კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან მამაცაშვილმა.
გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია საერთაშორისო კონგრესს ორ წელიწადში ერთხელ მართავს.
ღონისძიების ფარგლებში კონგრესის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს გაეცნობიან.