საქართველო „Future of Tourism World Summit“-ზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობს. საერთაშორისო სამიტი „Future of Tourism World Summit“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება და საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.
სამიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
სამიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეები ერთმანეთს კოვიდურ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. საუბარი შეეხება ტურიზმის აღდგენის გეგმებს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ურბანულ ტურიზმს, მომხმარებელთა და ტურისტთა დაცვას.
სამიტი „Future of Tourism World Summit“ ესპანეთში, ბარსელონაში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.