საქართველო და ჩინეთი ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გადადიან
საქართველო და ჩინეთი ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გადადიან. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პირველი მდივანი ქრისტინა ტამოევა. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის შესახებ განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. აგრეთვე, მიღწეულ იქნა შეთანხმება სამუშაო შეხვედრების რეგულარული ხასიათის თაობაზე და დაიგეგმა შესაბამისი სამოქმედო გეგმასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტიობების წახალისების კუთხით.