ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტექნოპარკშიThe Economist-ის წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2016-ის“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაციასა და კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ დაესწრო. გიორგი ჩოგოვაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურიზმის სტრატეგია გააცნო:
საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025
ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია მთავრობის მიერ დასახული სოციალურ-ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. აღსანიშნავია სექტორიდან მიღებული შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში; ასევე, ტურიზმის როლი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
სფეროს მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომზადებულიყო ტურიზმის სტრატეგია, სადაც მკაფიოდ განისაზღვრებოდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო განვითარების მიმართულებები. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის აქტიურ ჩართულობასა და წარმოაჩენს ქვეყანაში სექტორის განვითარების ხედვას მომდევნო 10 წლის განმავლობში.
ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება მსოფლიო ბანკთან მჭიდრო კოორდინაციაში მიმდინარეობდა და მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა მადლობა გადავუხადო მათ გუნდს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად ტურიზმის პოლიტიკა თანმიმდევრულად შეიცვლება და მოხდება ბალანსის მოძიება მაღალ რაოდენობასა და მაღალგადახდისუნარიან ტურისტების მოზიდვას შორის. შესაბამისად, გაგრძელდება არსებული ბაზრების სტიმულირება ასევე, რესურსების გადანაწილება და ბაზრების დივერსიფიკაცია.
• უპირველეს ყოვილსა სტრატეგია ითვალისწინებს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდას (დღევანდელი 1,8 მილიარდი აშშ დოლარიდან 5,5 მილიარდამდე) და შესაბამისად, თითოეული ვიზიტორის მიერ დახარჯული თანხების ოდენობის ზრდას;
• ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა 11 მლნ-მდე (80% მეზობელი ქვეყნები, 20% მაღალგადახდისუნარიანი ბაზრები). დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება;
• უაღრესად მნიშვნელოვანია სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის გაზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ერთ-ერთ დასახულ მიზანს წარმოადგენს, მომდევნო წლების განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 85%-ით გავზარდოთ.
• თითო ვიზიტორის მიერ საშუალო დახარჯული თანხის გაზრდა 320 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე;
• ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა 4.3 დღიდან 5.3 დღემდე;
• ტურიზმის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 63 %-ით გაზრდა (არსებული 559 მლნ აშშ დოლარიდან 910 მლნ აშშ დოლარამდე);
• დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წვლილი უნდა შეადგენდეს 6.7%-ს (არსებული 6 %)
სახელმძღვანელო პრინციპები
სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები სტრატეგიის განხორციელებისას:
კერძო სექტორის წამყვანი როლი _ ტურიზმის განვითარება საბაზრო ტენდენციებზე დაყრდნობით, ინდუსტრიის თაოსნობითა და მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს.
ბაზრების პრიორიტეტულობის განსაზღვრა _ საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის სტრატეგია უნდა იყოს ორიენტირებული ისეთი მიზნობრივი ბაზრების დაინტერესებასა და მომსახურებაზე, რომლებიც ჩადებული ინვესტიციიდან ყველაზე მეტ ამონაგებს მოიტანს.
მთელი მთავრობის ჩართულობა _ ტურიზმის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ამ ძალისხმევაში მთავრობის ყველა სამსახური მონაწილეობდეს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, საიმიგრაციო სამსახურით დაწყებული განათლებით, ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით დამთავრებული.
მდგრადობა _ „ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების“ „გეო-ტურიზმის“ კონცეფციის გათვალისწინება განვითარების პროცესში. „გეო-ტურიზმი“ – მოგზაურობის სახეობაა, რომელიც ორიენტირებულია დანიშნულების ადგილის გეოგრაფიული თავისებურების შენარჩუნებასა და დაცვაზე, მათ შორის, გარემოს, ესთეტიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობაზე.
საქართველოს სტუმართმოყვარეობის კულტურის განვრცობა მომსახურების სფეროზე _ ტრენინგების, განათლების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ტურიზმის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.
კონფერენცია აქტუალური საკითხების ანალიტიკურ პროცესებს მოიცავდა, რომელშიც მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა
კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ არის ინიცირებული 4–პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ძირითადი მიმართულებები. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მეწარმეობის განვითარებისა და დამწყები ბიზნესების ხელშეწყობის, ტურიზმის სტრატეგიის, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე და კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიებაზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციების როლზე ისაუბრა, წარმოადგინა ტექნოპარკის სერვისები და მათი მნიშვნელობა დამწყები ბიზნესმენებისათვის, აღნიშნა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და დამსწრეებს განვითარების პერსპექტივა გლობალურ კონტექსტში გააცნო.
კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ ოქროყანაში, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ შექმნილ ტექნოლოგიური პარკში გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.