საქართველო ავიაკომპანია metrojet-ს საბორტზე ჟურნლაში
რუსული ავიაკომპანია Metrojet-ის ჟურნალი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ჟურნალში 26 გვერდი აქვს დათმობილი. ჟურნალის ყდაზე გერგეტის სამებაა გამოსახული.
სტატიის დასაწყისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობაა აღწერილი. ავტორი მკითხველს ადმინისტრაციის მოადგილის, თამარ ჩიკვაიძის ხედვებს აცნობს.
სტატიაში დეტალურადაა საუბარი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ფესტივალების, ღონისძიებების, ახალგაზრდული ოლიმპიადისა და უეფას სუპერთასის ფინალის შესახებ.
Metrojet-ის ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ისტორიას და თბილისის ისტორიულ უბნებს.
სტატიაში საუბარია: მცხეთის, ბაზალეთის ტბის, დავით გარეჯის, სტეფანწმინდის, გუდაურის, ბაკურიანის, ბორჯომის, მესტიისა და ბათუმის ტურისტული მიმართულებების შესახებ. სიღნაღს კი სტატიის ავტორი პატარა იტალიას ადარებს.
ჟურნალში ცალკე თავი ეთმობა ქართულ სამზარეულოს, ეროვნულ კერძებთან ერთად საუბარია ქართული ღვინის შესახებ.
საბორტე ჟურნალი Metrojet ყოველთვიურად გამოდის, თითო ნომერს 150 ათასი მკითხველი ჰყავს. როგორც ავიაკომპანია Metrojet-ში აცხადებენ, საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დანიშვნა იგეგმება.