საქართველოში შემომავალი საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა კვლავ იზრდება

2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3 %-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,4 %-ით არის გაზრდილი წინა წლის ივნისთან შედარებით.
2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, მათზე მთლიანი ვიზიტების 86% მოდის. ივნისის თვეში განსაკუთრებულად მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47%), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15%). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა ყაზახეთი (+40%), ბელორუსი (+56%), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა 6 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ 2 332 303 შეადგინა, ზრდამ კი 3.5%. ზრდის კუთხით გამოირჩევა ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32%), ლიტვა (+27%), გაერთიანებული სამეფო (+22%) და გერმანია (+18%). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%).
როგორც ტურიზმის ეროვნულა ადმინისტრაციაში აცხადებენ, საფრთხე რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობა და მსოფლიო მედიაში გავრცელებული დატბორილი ქალაქის კადრები უარყოფით გავლენას მოახდენდა ტურისტების ნაკადზე- დიდი იყო. თუმცა მასშტაბურმა საერთაშორისო მარკეტინგულმა კამპანიამ, (რომელიც გულისხმობდა 9 მიზნობრივ ბაზარზე ზაფხულის სეზონისთვის საქართველოს რეკლამირებას, ასევე CNN სა და EURONEWS – ზე საიმიჯო რგოლის გაშვებას) დადებითი შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, ვუმუშავეთ სპეციალური გეგმით კირიზისის პერიოდშიც, წყალდიდობის შემდეგ დაიგეგმა პრეს ტურები სადაც უცხოელ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ რომ მთავრობამ უმოკლეს ვადებში შეძლო აღმოეფხვრა სტიქიის შედეგები – ხორციელდებოდა მუდმივ რეჟიმში ინდივიდუალური კომუნიკაცია ტურისტულ კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიური და კომპლექსური საერთაშორისო აქტივობების განხორციელებას და მომავალ თვეებში საქართველოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა.