საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო.
პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული და ავიაკომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სამოქმედო გეგმის, ბიუროში გაწევრიანების კრიტერიუმების, შესაძლო თანამშრომლობის გზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
მსოფლიოს მასშტაბით არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შესაბამისად და 2012-2014 წლებში USAID-ის მიერ საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) შესახებ შემუშავებული კვლევებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით; 2016 წლის თებერვლიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ – Meetgeorgia.ge.
აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.