საზვავე უსაფრთხოების კურსი გუდაურში
გუდაურში მაშველებსა და პრაქტიკოს გამყოლებს საზვავე უსაფრთხოების კურსი ჩაუტარდათ. ტრენინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციასთან ერთად გამართა. 10 დღის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებში თეორიული და პრაქტიკული კურსები მესტიის, სტეფანწმინდის, გუდაურის, ბაკურიანის, ბორჯომის, ზემო აჭარის და თბილისის 35-მა გამყოლმა და მაშველმა გაიარა.
სასწავლო კურსის მიზანი სათხილამურო ტრასებს მიღმა, გაუკვალავ თოვლში, „ფრირაიდის“ პრაქტიკოსი გამყოლების მომზადება, ზვავუსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაა.
სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა. ტრენინგს გერმანელი ექსპერტი დომინიკ ბრატენშლაგერი უძღვებოდა. სწავლების დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილმა კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.
მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით სამთო კურორტებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს მომავალშიც გააგრძელებს.
სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ზვავების კლასიფიკაცია, ზვავების ფორმირების ფაქტორების და პროცესების აღწერა, საზვავე სიტუაციის შეფასება, ბუნებრივი ინდიკატორების და ტესტების მიხედვით ზვავში მოყოლილი ადამიანების საძიებო სამუშაოების ჩაატარება და ა.შ.