პრესტური ისრაელიდან
ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელიდან პრესტურს უმასპინძლა. 5 დღიანი ტურის ფარგლებში მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, რადიოს, ჟურნალ-გაზეთებისა და ინტერნეტპორტალის წარმომადგენლებმა მცხეთა, გუდაური, ყაზბეგი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და გორი მოინახულეს. ჟურნალისტთა 8 კაციანმა ჯგუფმა თბილისის სინაგოგა და ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა. ისრაელის მედიის წარმომადგენლებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მომზადებული თემატური ბროშურები „ საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის“ გადასცა. ბროშურა ინგლისურ და ებრაულ ენებზე მომზადდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სინაგოგებისა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.