პეკინი -ურუმჩი – თბილისი ახალი ავიარეისი დაინიშნა
დღეიდან პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. რეისებს ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ შეასრულებს.
ახალი ავიარეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის წამყვანი ტუროპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის ინფოტური მოაწყო. ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების 16 წარმომადგენელი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა და ტუროპერატორებმა დაათვალიერეს თბილისი, სიღნაღი, ყვარელი, ბათუმი, ქუთაისი და მესტია. მცხეთაში ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უმასპინძლა, გიორგი ჩოგოვაძემ ჩინელ ჟურნალისტებს და ტუროპერატორებს ძველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები გააცნო. პრეს და გაცნობითი ტურის მიზანია ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდა.