მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair
გამოფენების ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში “ მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დაიწყო. „ Caucasus Tourism Fair „ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. გამოფენაზე ადმინისტრაცია ახალი სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ სენსორული ელექტრონული რუკის საშუალებით დაათვალიერონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და გაეცნონ ტურისტულ მიმართულებებს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოაწყო.
მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნეს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტუმრებისა და მონაწილეებისათვის სპეციალური გათამაშება მოაწყო, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. გამარჯვებულებს გადაეცემათ 10 ბილეთი Gem Fest-ზე Solomun-ის კონცერტზე, 20 ბილეთი Sou festival-ზე რობერტ ჰენკეს კონცერტზე და 6 ბილეთი თამარ გვერდწითელის კონცერტზე, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, უკვე მესამედ, ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი იმართება დამთვალიერებლები, კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით, დასვენებისა და მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას შეძლებენ. გამოფენის და ტურისტული ფესტივალის მონაწილეები არიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკო ტურისტული და საკონსულტაციო კომპანიები.
2016 წელს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას 9 ქვეყნის 3 527 ვიზიტორი ჰყავდა. მონაწილეთა 92% ვიზიტორთა კვალიფიკაციას დადებითად გამოეხმაურა, ხოლო 84%-მა 2017 წლის გამოფენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
ორგანიზატორი:საგამოფენოცენტრი „ექსპოჯორჯია“
მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, Welcome To Georgia! National Tourism Awards.