მაღლა მთებში- მონასტრები საქართველოში
New York Times საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემის სამოგზაურო რუბრიკის ჟურნალისტი სეთ ქუგელი საქართველოში მოგზაურობას აღწერს. ქუგელი დაბალბიუჯეტიანი ტურების შესახებ სტატიებს აქვეყნებს:
„…მეგობარ ელიზასთან ერთად სიღნაღში ნანა კოკიაშვილის „გესთჰაუზში“ მოვხვდით. ნანა თბილად მოგვესალმა და მიმზიდველ ოთახებში გაგვიძღვა. აქედან მე-18 საუკუნის ქალაქზე მშვენიერი ხედი იშლება. მეორე დილით ნანა ფაფით გაგვიმასპინძლდა და წინადღისგან განსხვავებით უკეთესი ინგლისურით გვითხრა, რომ ეს ფაფა კუჭისთვის სასარგებლოა. ფაფა უბრალო იყო, მაგრამ საუზმეზე ხორცის ბლინი, მოხარშული კვერცხი, საოჯახო ალუბლის ჯემი და ჩაი დაგვახვედრეს. რაც ამ საუზმეში გადავიხადეთ ნამდვილად ღირდა. წინ კავკასიონის მთების ჩრდილში, ღვინის დეგუსტრაცია გველოდა და ეს საუზმე შესანიშნავი გამოდგა.
საქართველოში სეზონზე არ ჩამოვსულვართ და შედეგად საკმაოდ დიდი თანხა დაიზოგა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ უძველეს ქრისტინულ ქვეყანაში მოგზაურობა მთელი წლის განმავლობაში ისედაც იაფია. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისათვის, რომლებსაც ძველი ავტობუსით მგზავრობა უყვართ, რომ ბოლოს გემრიელი კერძები დააგემოვნონ და კერძო ნომრებში დაისვენონ.
საქართველოში შეგიძლია ეწვიოთ მთის სოფლებს, ისტორიულ ქალაქებს, მრავალსაუკუნოვან მონასტრებს. შეგიძლიათ დააგემოვნოთ შესანიშნავი კერძები და ღვინო. აღსანიშნავია, რომ რესტორნებში ერთი ბოთლი 10$-ზე ნაკლები ღირს. წარმოუდგენლად იაფია აშშ-დან საქართველოში მგზავრობა. უკრაინის ავიახაზებით ორი გზა 493$ დამიჯდა. დიახ ორი გზა. ამ ფასში შედიოდა მოსაკრებელი, კვება და ბარგიც.
5 თვიანი პაუზის შემდეგ მე და ელზამ იაფი მოგზაურობა დავიწყეთ. ზამთარში გარეთ ბევრი არაფერი ხდება, ამიტომ ეს პერიოდი მონასტრების დათვალიერებისათვის მშვენიერია. საქართველოში ქრისტიანობა საკმაოდ ადრეულ საუკუნეებში შემოვიდა. მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც ძლიერია, პატრიარქი კი გავლენიანი ფიგურაა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ. პატრიარქის ქადაგებს ბევრი ხალხი ესწრება.
მინიავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ბოდბეში ჩამოვედით. აქ წმინდა ნინოს სახელობის მონასტერია, წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში საქართველოს სამეფო ოჯახი გააქრისტიანა, სიცოხლი ბოლო წლები აქ გაატარა და შემდეგ ბოდბეში დაკრძალეს.
გზაზე მშვენიერი ხედი გადაიშალა. ღრუბლებში ჩაფლული სიღნაღი გამოჩნდა, აღმოსავლეთით, მთელ ჰორიზონტზე, ფარდის მსგავსად ნისლში გახვეული კავკასიონის მთები და დათოვლილი მწვერვალები მოჩნდა. მოგზაურობისას კომპანიონიც გამოჩნდა, მოყვითალო ფერის ძაღლი, რომელიც დიდი ხანი არ მოგვშორდა…“
სტატიაში New York Times-ის ჟურნალისტი კახეთის სოფლებს, მარნებს და ღვინის მომზადების წესს აღწერს. მოგზაურები გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესიას ეწვივნენ:
„… მე-9 საუკუნის ეკლესიასთან გავჩერდით. ყველაწმინდის ტაძარს უჩვეულო, ორი გუმბათი აქვს. აგურითნაშენი ეკლესია სამი სართულის სიმაღლისაა. ტაძრის კედლებზე ორქოს ხატებია, აქვეა საფლავები, წარწერები მშვენიერი ქართული კალიგრაფიით არის შესრულებული. ეკლესიის კარი სასულიერო პირმა გაგვიღო, რომელიც გრძელ წვერს ატარებდა.
შემდეგ ნუმისის მარანი მოვინახულეთ, აქ ნათია დაგვხვდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ მე-16 საუკუნის შენობისგან ნანგრევები იყო დარჩენილი და დედამისმა ნუნუ კარდენახიშვილმა აღადგინა. დღეს აქ მუზეუმი და მარანია მოწყობილი. ნათიამ შესანიშნავად გაგვაცნო ქართული ღვინის ტრადიციული მეთოდით მომზადების წესი. გვაჩვენა, თუ სად იწურება ყურძენი, როგორ ხდება ფერმენტაცია. გვაჩვენეს ქვევრი, მიწაშე ჩაფლული ღვინის შესანახი ჭურჭელი. ქვევრიდან მეწამური ფერის ღვინო ჩამოასხეს თასში. კარგი ღვინო იყო…“
New York Times-ის ჟურნალისტი კახეთში რამდენიმე მარანს ეწვია, სეთ ქუგელი ღვინოსთან ერთად ქართულ სამზარეულოსაც გაეცნო:
„ალბათ გიკვრით აქამდე რატომ არ ვახსენე ქართული კერძები. ქართული სამზარეულო დიდი რეპუტაციით სარგებლობს. შესანიშნავად მომზადებული მწვადი და აჭარული ხაჭაპური დავაგემოვნე. სიღნაღში ცნობილ რესტორანს ვეწვიეთ, თავიდან ვიფიქრე ძვირი იქნებოდა, მაგრამ რა სისულელეა,მე ხომ საქართველოში ვარ.
ელეგანტურ სასადილოში მომსახურე პერსონალმა ამიხსნა, რომ მენიუ იმ დღეებზე იყო დამოკიდებული, თუ რა პროდუქტი ჰქონდათ ადგილობრივ ბაზარში. ქართულ სამზარეულოში შერეული იყო თანამედროვე კერძები. კარგად გამოკვების შემდეგ თავი ბედნიერად ვიგრძენი. ჩვენი ანგარიში 62 ლარი ანუ 30$ იყო, ძალიან ბევრ ქვეყანაში ფასი 100 $-ს გადააჭარბებდა. მე-2 დღეს ჩვენ ღვინის ტურში წავედით, რაც 25 ლარი ღირდა. ჩვენი გიდი წინ გაგვიძღვა და ქვევრები დაგვათვალიერებინა. ქართველებს ღვინის დამზადების 8 ათასწლოვანი ისტორია აქვთ…“
სტატიის ბოლოს ავტორი New York Times-ის მკითხველს უხსნის თუ როგორ შეიძლება მოგზაურობა საქართველოში:
„ აშშ-დან საქართველოში 500$-ზე იაფად ყოველთვის ვერ იმგზავრებთ. მე გამიმართლა, რადგან ხანდახან ბილეთის ფასი წარმოუდგენლად დაბალია. მაისის თვეში ფრენა აზერბაიჯანის ავიახაზებით 651$ ღირს, სხვა კომპანებით 800$-ამდე. თბილისიდან სიღნაღამდე მგზავრობა 7 ლარი ჯდება. მიკროვტობუსები სამგორის მეტროპოლიტენის სადგურიდან გადის. ღამისგასათევი კი შეგიძლიათ Facebook-ის გვერდზე იპოვოთ. ნანას „გესთჰაუზის“ მსგავსად სიღნაღში ბევრი სასტუმროა იაფად. (35 ლარი საუზმის ჩათვლით)