პირველად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასტერკლასი „სამედიცინო ტურიზმი“  გაიმართა. ტრენინგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს თანამშრომლობით შედგა.

მასტერკლასი მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო ტრენერმა, სამედიცინო ტურიზმის კონსულტანტმა პრემ იაგასმა ჩაატარა.

მასტერკლასს  ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს 100 წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა  ტურიზმის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

პრემ იაგასი მაღალი დონის გლობალური ჯანდაცვის საკონსულტაციო მომსახურებასა და ტრენინგებს ატარებს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის სამთავრობო ორგანოების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სამედიცინო  ტურიზმის  ფასილიტატორთვის.   პრემ იაგასს ტრენინგები 65-ზე მეტ  ქვეყანაში აქვს გამართული.

„პირველად საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს თანაორგანიზებით სამედიცინო ტურიზმის ტრენინგი გაიმართა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის, ტურისტული კომპანიების და სამედიცინო სექტორის 100 წარმომადგენელი დაესწრო. სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი ახალი დარგია ჩვენი ქვეყნისთვის,  ჩვენ როგორც სახელმწიფო ხელს ვუწყობთ  ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ გადავამზადოთ და მოვიძიოთ კიდევ  უფრო მეტი ტურისტი, რომელიც   უშუალოდ დაინტერესებულია სამედიცინო მომსახურებით, იმოგზაურონ ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ამით ჩვენმა ბიზნესმა  ნახოს კიდევ უფრო მეტი სარგებელი და  მეტ ადამიანს მიეცეს დასაქმების საშუალება.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასტერკლასი „სამედიცინო ტურიზმი“   შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

 

  1. სამედიცინო ტურიზმისა და ველნეს სფეროს უახლესი ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები;
  2. საერთაშორისო სტრატეგიის ბრენდის განვითარება;
  3. გლობალური ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის დანიშნულების გაცნობიერება
  4. სტრატეგიული სახელმძღვანელო ინვესტიციების შეძენისა და საწყისი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით;
  5. საერთაშორისო პაციენტებთან ურთიერთობის განყოფილებების და დამხმარე სერვისების შემუშავება;
  6. იურიდიული, ეთიკური და კულტურული საკითხები სამედიცინო ტურიზმში;
  7. სამედიცინო ტურიზმის ხელშემწყობი (ფასილიტატორი) ბიზნესის შემუშავება და დამხმარე სერვისების როლი.
  8. მომხმარებელთან ურთიერთობა და სასიამოვნო სამედიცინო ტურიზმის გამოცდილების მიწოდება;
  9. ციფრული მედია-მარკეტინგი გლობალური ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში.