მარიამ ქვრივიშვილმა კობი-გუდაურის ახალი საბაგირო მოინახულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გუდაურსა და ყაზბეგში მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.
• ტურის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო დაათვალიერებინა და მათთან ერთად ახალ ტრასებზე ისრიალა. მედიატურში მონაწილეობა 30-მდე ჟურნალისტმა, ბლოგერმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მიიღო.
• ტურის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები:
• „გუდაურში ჩვენ ფანტასტიური ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, გარდა იმისა, რომ აქ ულამაზესი ხედები და სასიამოვნო გარემოა, სასრიალო ტრასები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. კობი-გუდაურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება მოხდა.
• სტეფანწმინდაში არსებულ სასტუმროებს, გესთჰაუზებს, სარესტორნო ბიზნესებს ეძლევათ საუკეთესო საშუალება პირველად უმასპინძლონ იმ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში სასრიალოდ ჩამოდიან. ასევე გვეძლევა საშუალება მთაზე გავშალოთ ტურისტული ნაკადი და აღარ მოხდეს კონცეტრირება კონკრეტულ საბაგიროებთან, კობი-გუდაურის ახალი საბაგიროთი სრიალის მოყვარულ სტუმრებს უფრო მეტი კომფორტი შევუქმენით.„ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
• კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა 3 ხაზისგან და 111 გონდოლისგან შედგება.
• საბაგირო გზა 7 კილომეტრზე მეტია და ის საათში 2,800 მგზავრს ემსახურება. საბაგიროს გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
• საბაგირო 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. ტურისტული მიზნების გარდა საბაგირო საშუალებას იძლევა ზამთარში, დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ჩაკეტილი კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ალტერნატივა გახდეს.