ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის სტრატეგია და ხედვები გააცნო.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, უფრო მჭიდრო ურთიერთობა იგეგმება კერძო სექტორთან, განვითარება B2B პლათფორმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი ტრენინგ პროგრამების ჩატარებას გეგმავს.
ადმინისტრაციის პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა, მოსასვენებელი ადგილების აშენება და ა.შ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში განათლება/კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს როგორც 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებ.
მარიამ ქვრივიშვილმა მიმოიხილა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგია. გამოყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის: 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა,110 განსახორციელებელი ღონისძიება.
სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს, საქართველოში 11 მილიონი
საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება. შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 7.9%-ამდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) ჩამოყალიბებას კახეთში, სამეგრელო ზემო-სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება ფართო მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინ ასევე სატელევიზიო რეკლამას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, ასევე ღვინის ტურიზმისა და კულინარიის,სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.