ინკლუზიური ტურიზმი მცხეთაში
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მცხეთის ისტორიული ძეგლების ადაპტირება დაასრულა.
პროექტის ფარგლებში შშმპ პირთათვის მოეწყო შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი. უსინათლოთათვის ეკლესიასთან განთავსებულია ტაძრის მაკეტები და სპეციალური დაფა ბრაილის შრიფტით , სადაც განთავსებულია ინფორმაცია მონასტრების შესახებ, ეკლესიის მაკეტზე ხელის შეხებით უსინათლოები აღიქვამენ თუ სად იმყოფებიან, ეტლით მოსარგებლეებისათვის კი ეკლესიის შესასვლელთან პანდუსია დამონტაჟებული.
ადაპტირდა სამთავროს დედათა მონასტერიც, შესასვლელთან შიომღვიმის მსგავსად განთავსებულია ეკლესიის მაკეტი და დაფა ბრაილის შრიფტით. ეკლესიის ეზოში არსებული საეკლესიო მაღაზია და მუზეუმი სრულიად ადაპტირებულია. ეკლესიაში შესვლა ( პორტატული მოძრავი) პანდუსის საშუალებით შეიძლება.
ეკლესიის მაკეტი და დაფა ბრაილის შრიფტით განთავსდა სვეტიცხოვლის შესასვლელთანაც. ეტლის მოსაგებლეებისთვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტიც, რომლითაც ისინი ცენტრალური შესავლელით ეზოში ჩადიან.
ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, შენობის შესასვლელი ასევე ადაპტირებულია.
პროექტის ფარგლებში ადაპტირდა ანტიოქიის ტაძარიც.
„ტურისტულა დმიმზიდველ ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა, ამ მიზნით მცხეთა სრულიად ადაპტირებული გავხადეთ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლებისათვის, გაზაფხულიდან კი დაიწყება წყალტუბოს ადაპტაცია ამ მიმართულებით. ჩვენ ვატარებთ სპეციალურ ტრენინგებს კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, ასევე ვმუშაობთ ტურების შექმნაზე ქვეყნის მასშტაბით, კახეთში სიღნაღის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებთან ერთად მომზადდა ინკლუზიური ტურისტული პაკეტები.“ -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.