ტურიზმის ადმინისტრაციამ დუბაიში პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა და ბიუროს წევრმა რვა კომპანიამ, ქ. დუბაიში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, შედგა შეხვედრები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებულ ტურისტულ კომპანიებთან, გაიმართა ქართული ცეკვების წარმოდგენა, ღვინის დეგუსტაცია და საქართველოს მიმართულებით საგზურების გათამაშება.
საკონვენციო და საგამოფენო ბიურო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დანაყოფია, რომელიც ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებასა და სხვადასხვა ღონისძიებების მოზიდვას უწყობს ხელს. აღნიშნული ბიურო 2016 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის მასში 37 კერძო ორგანიზაციაა გაერთიანებული.