დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისში ადგილობრივებისათვის და ჩამოსული სტუმრებისთვის მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ქუთაისის ძველ უბანში „ცისფერყანწელების“ ეპოქა გაცოცხლდა. მოეწყო მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენები, ერთი დღით ქუთაისის ძველი უბანი მე-20 საუკუნის დასაწყისს და “ცისფერყანწელთა“ პერიოდს დაუბრუნდა. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელ კოსტიუმებში ჩაცმულმა მსახიობებმა სპეციალური წარმოდგენები გამართეს. დილიდან საღამომდე ქუთაისში პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა მოეწყო, სიმებიანი კვარტეტის შესრულებით გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი. თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა. ქალაქის სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო სახელწოდებით ტურისტული ქუთაისი. ასევე გაიმართა სხვადასხვა სახის წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრი. ღონისძიებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. დღეს საღამოს კი სტუმრებს გალა კონცერტი ელოდებათ.