დადიანების უნიკალური საგანძური ხელოვნების სასახლეში
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სასახლეში, სამეგრელოს მთავართა-დადიანების სასახლიდან გადმოტანილი უნიკალური საგანძურის გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია უნიკალურია მისი ვიზუალური მახასიათებლებითა და მსოფლიო მნიშვნელობით. ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამაგიდო მოწყობილობა, ნიკო დადიანის სასახლისეული ფაიფურის ჭურჭელი, ფრაჟეს შანდლები, გრავიურები, საომარი იარაღი დავით დადიანის უნიკალური კოლექციიდან- ხმლები, დამბაჩები, სატევარა, დადიანების დინასტიის საოჯახო ფოტოები, ნიკო დადიანის ოქროს ალბომი ცურვილიანი ყდით, რომელიც მას რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ უსახსოვრა, ეს არის არსრული ჩამონათვალი იმ განძეულისა, რომელიც ხელოვნების სასახლეში გარკვეული პერიოდით დაიდებს ბინას.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნაპოლეონ I-ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ანატომიის პროფესორმა, ფრანჩესკო ანტომარკმა 1833 წელს პარიზში ჩამოასხმევინა. აღსანიშნავია, რომ ნიღაბი სულ 4 ეგზემპლიარი არსებობს, მათგან ერთი დაცულია პარიზში ინვალიდების სასახლეში, მეორე ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმში, მესამე ჰავანაში ხულიო კორბოს მუზეუმში და მეოთხე ზუგდიდის სახელმწიფო მუზეუმში. ნიღაბი საქართველოში სალომე დადიანი-მიურატისა და მისი მეუღლის აშილ მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა.
დადიანების სასახლიდან გადმოტანილი საგანძური ხელოვნების სასახლეში 3თვე, ხოლო საფრანგეთის იმპერატორის ნიღაბი 1 თვე იქნება განთავსებული.