ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პარლამენტში,დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა.
გიორგი ჩოგოვაძემ კომიტეტის წევრებს წლის სტატისტიკური მონაცემები, განხორციელებული აქტივობები, ტურიზმის სტრატეგია, მარკეტინგული კამპანია, და სხვა აქტივობები გააცნო:
” ბოლო წლებში, საქართველოში საერთაშორისო შემოსვლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2016 წელს ამ რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს 6,360,503-ს მიაღწია (+7.8%). ყველაზე მაღალი ზრდა კი 2012 წელს აღინიშნა (+56.9%). განახლებული ინფორმაციით 2017 წლის იანვარი-აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.1%-ია.
2016 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.17 მილიარდ დოლარს (ზრდა +11.9%), ხოლო საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებმა უცხოურ ტურიზმზე 0.39 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +17.2%). შედეგად, უცხოური ტურიზმის ბალანსი საქართველოში შეადგენდა 1.78 მილიარდ დოლარს (ზრდა +10.8%). 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1.62 მილიარდი ლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.”
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შიდატურიზმის სტიმულირების შესახებაც ისაუბრა:
“საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებასთან ერთად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია შიდა ტურიზმის წახალისება და ზრდის ხელშეწყობა. წელს ამ მიმართულებით ადმინისტრაციას აქვს როგორც მარკეტინგული აქტივობები, ასევე ღონისძიებების ორგანიზება, რომელთა დახმარებით მოხდება ტურისტული ნაკადების გადანაწილება და სეზონის გახანგრძლივება ამა თუ იმ რეგიონში. ჩვენ უკვე 2 წელია ვაგრძელებთ პროექტს „გაიცანი საქართველო.” პროექტის ფარგლებში ქართული მედიასაშუალებებისათვის მოეწყო გაცნობითი ტურები ქვეყნის მასშტაბით: სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, გურია, თუშეთი, აჭარა, რაჭა, სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი. შედეგად თითოეულ რეგიონზე სხვადასხვა ტელევიზიების მიერ მომზადდა სარეკლამო ხასიათის რეპორტაჟები.”
გიორგი ჩოგოვაძემ პარლამენტის წევრებს ტურიზმის სფეროში მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მომზადებული აქტივობები გააცნო.
“ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება მცირეინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტის განვითარება. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ტურიზმის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და მომავალი ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება მის გასაუმჯობესებლად. ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია პერსონალის გადამზადების გარეშე და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მასშტაბით ვატარებთ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის. 2017 წელს 1500-მდე ადამიანის გადამზადებას ვგეგმავთ.” -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.