ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2017 წლის 28-29 სექტემბერს, ბორჯომში სასტუმრო Rixos Borjom-ში მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway Tourism გაიმართება. კონფერენცია ყოველწლიურ ტრადიციულ სახეს მიიღებს.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: მოვლენათა გავლენა ქვეყნის და რეგიონის განვითარებაზე, მოვლენათა შექმნის სტრატეგია, ბრენდირება, განვითარება, ადგილობრივი ეთნოკულტურული და სპორტული მოვლენების გზით მიზიდულობის ცენტრების შექმნა, მოვლენების ეკონომიკური დაგეგმვა, ანალიზი და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში Event Expo გაიმართება, სადაც დაინტერესებულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი შესაძლებლობები. კონფერენცია ემსახურება საქართველოს განვითარების ერთერთ მთავარ პრიორიტეტს – საქართველოს როგორც მიმზიდველ ტურისტულ და კულტურულ-სპორტულ მიმართულებად დამკვიდრებას.