საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ქვეყნის მალარიისგან თავისუფალ ზონად აღიარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა. სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია ომიაძესა და მის პირველ მოადგილეს თამარ ყორიაულს გადაეცათ.
„მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებს და მჭიდრო უწყებათაშორის თანამშრომლობას, რომლის საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის პანდემიის დროს ტურიზმის სექტორის მდგრადობის შენარჩუნება იყო. უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები დღეს გადამწყვეტი ფაქტორია საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საიმედო და პასუხისმგებლიანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე”,-აღნიშნა მაია ომიაძემ.
2025 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ოფიციალურად გამოაცხადა. აღნიშნული სერტიფიკატი ქვეყანას მას შემდეგ მიენიჭა, რაც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტექნიკური საკონსულტაციო და პოლიტიკის ჯგუფების რეკომენდაციების საფუძველზე დაადასტურა, რომ საქართველოში ადგილობრივი გადაცემის ჯაჭვი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
ამ ისტორიულ პროცესში ტურიზმის სექტორის ჩართულობისა და მალარიის ელიმინაციის სერტიფიცირების მხარდაჭერისთვის, 15 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საზეიმო დაჯილდოვება გაიმართა.
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება საქართველოს, როგორც საიმედო ტურისტული მიმართულების იმიჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მუშაობა საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტების დანერგვის პროცესში ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადის უსაფრთხო ზრდასა და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.





