საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია "მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე" გამართა.
კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.
ღონისძიება 3 თემატური სესიისგან შედგებოდა, რომლებიც მოიცავდა კურორტებისა და ტურისტული დანიშნულების ადგილების ბრენდინგს და მარკეტინგს, მართვის თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს.
კონფერენციის პირველი სესია ტურისტული ადგილის ბრენდინგსა და კონკურენტუნარიანობას დაეთმო, სადაც ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის საკითხებსა და ციფრული პლატფორმების როლზე იმსჯელეს. სესია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გახსნა.
პირველ სესიაში გლობალური პლატფორმა Expedia.com-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უფროსი რეგიონულმა მენეჯერმა ლაურა მილოს სანჩესმა დეტალურად განიხილა პლატფორმის ანალიტიკური მონაცემები, ციფრული არხების გამოყენებით ნაკლებად ცნობილი მიმართულებების პოპულარიზების საკითხები და საქართველოს შესაძლებლობები საერთაშორისო ხილვადობის გაზრდის მიმართულებით.
ორგანიზაცია Visit West-ის კომუნიკაციების მენეჯერმა, ემა ფრეილინგმა გაერთიანებული სამეფოს ისტორიული სპა ქალაქის - ბათის, ასევე ბრისტოლისა და დასავლეთ ინგლისის სხვა ტურისტული დანიშნულების ადგილების მარკეტინგზე ისაუბრა. მან განიხილა თერმული მემკვიდრეობის თანამედროვე მოგზაურების ინტერესებზე მორგების და იუნესკოს ძეგლის სტატუსის საერთაშორისო მარკეტინგში ეფექტურად გამოყენების საკითხები.
კონფერენციის მეორე სესია ტურისტული ადგილებისა და კურორტების მართვას დაეთმო, სადაც მართვის, ინვესტირების, ინოვაციებისა და ოთხსეზონურობის საკითხები განიხილეს. სესიაზე მსოფლიოს საუკეთესო სათხილამურო კურორტად არაერთგზის აღიარებული კურორტის, ვალ ტორენსის ტურიზმის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა გრეგორი გუცომ ტურისტული სერვისის ხარისხზე ისაუბრა. მისი მოხსენება ეხებოდა სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონის გარდა, სხვა სეზონების ათვისების, ასევე, მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტების ინტეგრაციის საკითხებს.
ფილიპინების სამთავრობო კორპორაციის (BCDA) უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ფინანსურმა დირექტორმა ჰედა რულონამ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, ყოფილი სამხედრო ტერიტორიის ბიზნეს და პრემიუმ კლასის ტურისტულ და ურბანულ ჰაბად ტრანსფორმაციის მსოფლიოში საუკეთესო პრეცედენტი განიხილა. მან ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვის, კულტურული იდენტობის ფორმირებისა და ახალი ქალაქების დაგეგმარების საკითხებზე.
ფრირაიდის სამშობლოს, შვეიცარიის ცნობილი სამთო კურორტის - ვერბიეს ტურიზმის სამსახურის დირექტორმა, საიმონ ვიგეტმა საჯარო უწყებების, ბიზნესებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კოორდინირებულ მართვაზე ისაუბრა. განიხილა ბრენდინგის სტრატეგიები, ფრირაიდის მემკვიდრეობის გლობალური წარმატება და ოთხსეზონიანი ტურისტული პროდუქტების განვითარების გამოცდილება.
კონფერენციის მესამე სესია გამორჩეული ტურისტული გამოცდილების შექმნას დაეთმო, სადაც ბუნება, კულტურა და ადგილობრივ იდენტობა განიხილეს, როგორც “ტურიზმის განვითარების მამოძრავებელი ძალები”. სესიის ფარგლებში, Visit Finland-ის მდგრადი განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლიისა კოკარინენმა აუდიტორიას ფინეთის მდგრადი ტურიზმის პროგრამის გამოცდილება გაუზიარა. მან ისაუბრა ლაპლანდიის სეზონური პოტენციალის გამოყენებისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების ტურისტულ პროდუქტად ქცევის საკითხებზე.
ესპანეთის მხარის, გალისიის ტურიზმის სააგენტოს თერმული ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბელენგომეს კევედომ მსოფლიოში ცნობილი პილიგრიმული მარშრუტის - წმინდა იაკობის გზის ტურისტულ პროდუქტზე ისაუბრა, რაც თერმული წყლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაკავშირებას და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობას მოიცავს.
კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია პროფესიული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რაც ხელს უწყობს კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას.
.webp)
.webp)



