Wine News ღვინო და ქვევრი – ქართული კულტურის 8000 წლოვანი სიმბოლო
იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
„ქვევრს უზარმაზარი სიმბოლური ღირებულებას აქვს: მიწაში მოთავსებულ ამ ჭურჭელში ღვინო მზადდება, ამ გზით ღვინო მიწას ერწყმის, აქ ხდება ღვინის ხელახალი დაბადება, ისევე როგორც დიონისედან დაწყებული მრავალი ღვთაება. ღვინო მჭიდროდ დაკავშირებულია მზესთან, ღვთაებრივ სიმბოლოსთან და მის ენერგიასთან. ქართულ სახლებში სარდაფებს, სადაც ღვინოს ათასწლეულებია ამზადებენ, “მარანი” ჰქვია. “მარ” ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისთავად მზის ენერგიაა. ქვევრი კი ქალური ენერგიისა და დედამიწის სიმბოლოა“,-წერს სტატიის ავტორი პიერმიშელ კაპული. ჟურნალისტი გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.
Wine News იტალიაში ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს. გამოცემას ყოველდღიურად ვებგვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
პიერმიშელ კაპული 3 იტალიელ ჟურნალისტთან ერთად საქართველოში მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული პრესტურით იმყოფებოდა.
მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.
მერანოს ღვინის ფესტივალი, როგორც პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას.