ინფოტური ვაშლოვანის ნაკრძალში
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ტურიზმის სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გამართა.
შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულად ნაკლებად ცნობილ ადგილებს, მარშრუტებსა და ობიექტებს გაეცნენ. ახალ ტურისტულ ლოკაციებს კი ტუროპერატორები შესთავაზებენ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს. ტურის მონაწილეებისთვის კასრისწყალში საცხენოსნო ტური მოეწყო. მიჯნის ყურეში გაიმართა ლაშქრობა, სადაც ტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ნაკრძალში მყოფ ცხოველებსა და ფრინველებს. ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ტურის მონაწილეებს ნაკრძალში უსაფრთხოების წესები გააცნეს, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შესახებ.
ტუროპერატორებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტახის წყალი, შავი მთა, არწივის ხეობა, კაკლის ყურე დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში სოფელი არხილოსკარი, შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომი დაათვალიერეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტუროპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.