USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო ტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში საქართველოში რეგისტრირებული ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური მოეწყო. საინფორმაციო ტურის მიზანია არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ხელი შეეწყოს მეტი ვიზიტორების მოზიდვას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავლების ზრდას და განვითარებას. ტურის ფარგლებში ტუროპერატორებმა მოინახულეს ზემო ვარძიის, უდესა და ჭულეს სამონასტრო კომპლექსები, ძვ.წ.აღ. II ათასწლეულით დათარიღებული საროს მეგალითური ნაგებობები, მესხური დარბაზები და მესხური ვაზის ტერასები, ხალიჩების რეწვის ნიმუშებები; და დააგემოვნეს მესხური სამზარეულო და უნიკალური ქვევრის ლუდი. ასევე, მონაწილეები ეწვივნენ დუხობორების თემს და გაიცნეს მათი ყოფა-ცხოვრება. მომავალში, შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდას და ვიზიტორთა ნაკადის მატებას. ტური მოიცავდა ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს. ტურის მონაწილეებს ტიმოთესუბანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და USAID ზრდა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძე შეხვდნენ.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge; www.zrda.ge