“The National Geographic-თან გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებული იქნება“-მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
“ორი დღის განმავლობაში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, ქართულ კერძებსა და ღვინოს გაეცნენ. საქართველოს წარადგენდნენ ქართველი შეფ-მზარეულები: თეკუნა გაჩეჩილაძე და გურამ ბაღდოშვილი. ისინი ორი დღის განმავლობაში, როგორც მთავარ სცენაზე, ასევე ეროვნულ სტენდზე ქვეყნის გასტრონომიული კულტურის, ისტორიისა და ავთენტური განსხვავებული კერძების შესახებ პრეზენტაციას აწყობდნენ. მართავდნენ დეგუსტაციასა და მასტერკლასებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ღვინის ეროვნულ თეატრში, ღვინის სცენაზე მოეწყო ქართული ღვინის 8000 წლოვანი ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებას ორივე დღის განმავლობაში დაახლოებით 15000-მდე ადამიანი სტუმრობდა. ქართული სტენდი იმდენად კარგ ლოკაციაზე იყო, აუცილებლად პირველ რიგში საქართველოს სტენდთან მოხვდებოდი და აღფრთოვანების გარეშე ვერ დატოვებდი“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ქვეყანაა და The National Geographic -თან ბრიტანულ ბაზარზე თანამშრომლობა გაგრძელდება.
„მრავალი წელია The National Geographic-თან ერთად მარკეტინგული კამპანიები გვაქვს, თუმცა გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება, რადგან The National Geographic მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმაა. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას როგორც დანიშნულების ადგილის, სადაც შეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალი მიიღო“,-აღნიშნა მაია ომიაძემ.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.