კანადელი ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან მედია პროექტის „Take your seat“-ის ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტური კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა მცხეთა, სტეფანწმინდა, გუდაური, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია, უშგული, ბათუმი, ახალციხე, ვარძია, უდე, ასპინძა, ჭობარეთი, წალკა, წინანდალი, სიღნაღი და თელავი მოინახულეს. გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტო ალბომს Take your seat-ის ვებ-გვერდზე გაეცნობიან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში.
„ჩვენი მიზანია მსოფლიო მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამჟამად ვმასპინძლობთ კანადელ ფოტოგრაფებს. პროექტის მიზანია მომზადდეს ფოტო ალბომი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„დაიკავეთ თქვენი ადგილი- საერთაშორისო პროექტია. ჩვენ უკვე 14 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ და ახლა საქართველოში ვართ. ჩვენ ამ სკამს რეჟისორის სკამს ვეძახით, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო რეჟისორი, გააკეთო არჩევანი და თავად განკარგო შენი ცხოვრება. საქართველოში ამ სკამით ჩამოვედით და თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარეთ. ინტერნეტით საქართველოს შესახებ ძალიან მაღალი წარმოდგენა შეგვექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვინახულეთ საქართველოს მხარეები და გავიცანით ხალხი დავრწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გამორჩეულია კულტურით, სტუმარმასპინძლობითა და სითბოთი. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,-ამბობს ტურის მონაწილე ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი.
„საქართველოში უკვე 2 კვირაზე მეტია ვიმყოფებით, დაუვიწყარი თავგადასავლები გვქონდა, ჩვენ მოვინახულეთ როგორც დიდი ასევე პატარა ქალაქები. ძალიან მოგვეწონა ბუნება. ჩვენ ამ სკამით, რომელსაც თან ვატარებთ ყველას ვეპატიჟებით, რომ იმოგზაურონ საქართველოში,“-აცხადებს სპენსერ ვანდერსტარენი ფოტოგრაფი კანადიდან.
საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადურ ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.