აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მაია ომიაძე ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ჩინეთის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.
„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ სამომავლო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის მიმართულებით, თუ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე. ჩვენ დავგეგმეთ ქართული და ჩინური კომპანიების სამუშაო შეხვედრა მომავალი წლისთვის და საქმიანი ტურიზმის შესახებ ღონისძიებების გამართვა“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
„ჩვენი მიზანია ინფორმაცია გავცვალოთ ტურიზმის შესახებ, ძალიან მოხიბლულები ვართ ქართული კულტურით, სტუმარმასპინძლობით, ისტორიითა და ტურისტული მიმართულებით. ქართული ღვინო ქართული კულტურის ეროვნულ იდენტობას წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს ტურისტული მიმართულებით, ვფიქრობ ქართული კულტურა არის ის მიმართულება, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს ჩინელ ტურისტებს“,-აცხადებს აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილე ლუ იანი.