ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პრესტურს მასპინძლობს
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან “Flydubai” თანამშრომლობით პრესტური გამართა. ტურის მოწყობამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიო „Virgin Radio Dubai“ 24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში უფასოდ მოგზაურობის შესახებ კამპანიას ატარებდა, პროექტის ფარგლებში რადიოს მსმენელებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პროექტის 25 გამარჯვებული, ასევე ავიაკომპანიის“Flydubai” და რადიოს „Virgin Radio Dubai” 9 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია. ტურის ფარგლებში პროექტის მონაწილეები თბილისს ეწვივნენ, დაათვალიერეს ძველი ქალაქი, გაემგზავრნენ უფლისციხეში, მოინახულეს მუხრანი, სადაც ტურის მონაწილეებისათვის ქართული კერძების მასტერკლასი გაიმართა.
“ჩვენ ავიაკომპანიასთან „FlyDubai“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვმასპინძლობთ 25 ადამიანს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოს მეშვეობით შეირჩნენ კონკურსის საფუძველზე. ისინი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, რაც საინტერესოა ამ ქვეყნებისთვის, შედეგად სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავრცელდება ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ ამ ქვეყნებიდან“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, ძალიან მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან თბილი ხალხია. საქართველოში კონკურსში გამარჯვების შედეგად მოხვდი, რადიოს შოუში დავრეკე და გამიმართლა. ნამდვილად არ ველოდი.“-ამბობს პროექტის მონაწილე რიტა ბადრი დუბაიდან.
ტურის ფარგლებში ავიაკომპანიის “FlyDubai” და რადიოს „Virgin Radio Dubai” სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები და პოსტები გავრცელდება, რასაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა.