ელიზაბეტთალი – ასურეთი
ელიზაბეტთალი დაარსდა 1818 წელს ისტორიული სოფლის სამაჩვეთის ტერიტორიაზე. დღეს ამ ადგილს ასურეთი ჰქვია და მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფლისთვის სახელის დარქმევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ელიზაბეტთალის დაარსების თარიღი (19 ნოემბერი) დაემთხვა წმინდა ელიზაბეტის დღეს. აქ ჩამოსახლებულმა გერმანელებმა სოფლის მშენებლობაში მხარდაჭერა მიიღეს მთავრობისგან: მანგლისში დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებს დაევალათ, უსასყიდლოდ დახმარებოდნენ გერმანელებს სახლების მშენებლობაში, მეზობელი სოფლების მცხოვრებნი კი ხარებშებმული ურმებით ეზიდებოდნენ სამშენებლო მასალას და ჩამოსულებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ხვნაში ეხმარებოდნენ.