ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონელ ტუროპერატორებს მასპინძლობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტურს მართავს. ტურის ფარგლებში საქართველოს 12 პოლონელი ტუროპერატორი ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსა და საქართველოს საქმიანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდით და გავაცანით ჩვენი ქვეყანა. ეს კარგი შესაძლებლობაა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, გავაცნოთ საქართველო და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ამ მიმართულებით,“-განაცხადა „BTL Georgia”-ის წარმომადგენელმა სალომე ბეთანიშვილმა.
ინფოტურის მონაწილეები თბილისის, კახეთის სასტუმროებსა და საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.
პოლონელი ტუროპერატორები მცხეთას, წინანდალს, თელავს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვევიან.
„საქართველოში პირველად ვარ, აღფრთოვანებული ვარ აქაურობით. ამ შეხვედრის შედეგად უამრავი კონტაქტი მოვიძიეთ. პოლონელი მოგზაურები ელოდებიან ჩვენს შეთავაზებებს, რადგან მათ სურთ მოინახულონ საქართველო, ზოგმა არ იცის როგორ ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ დავეხმარებით, რომ იმოგზაურონ ამ ულამაზესს და უსაფრთხო ქვეყანაში. საქართველოში ძალიან თბილი ხალხია. ქართველები მოხარულები არიან პოლონეთიდან ტურისტებს უმასპინძლოს“,-ამბობს ანჯელა ვირასიუკი, ტუროპერატორი პოლონეთიდან.
ინფოტური პოლონეთიდან თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია პოლონეთიდან მეტი ტურისტი მოიზიდოს. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე და დავგეგმეთ ინფოტურის მოწყობა საქართველოში. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს საქმიანი ტურიზმის განვითარების და ვფიქრობ ეს ტური ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდას და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას“,-აცხადებს თურქეთის ავიახაზების წარმომადგენელი ენსარ აკარესმე.