ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე „M&I Europe Spring 2022“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გამართულ ფორუმში „M&I Europe Spring 2022“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წევრ კომპანიებთან ერთად იყო წარდგენილი.
M&I Forum ღონისძიებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 15 წელია იმართება და თითოეულ ფორუმს ასზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო და ტურიზმის საბჭო ესწრება.
„M&I Europe Spring 2022“-ის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ.