2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიები უმსხვილესს საერთაშორისო პლატფორმებზე გამართა
საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა. მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების გვერდსა და დაჯავშნის გლობალურ პლატფორმებზე: Bloomberg, Expedia, Skyscanner საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლები, სტატიები, ბანერები და ფოტოკოლაჟი გავრცელდა. მარკეტინგული კამპანიები მოიცავდა სოციალურ ქსელებს: (Facebook, Twitter, Instagram, TikTok, Youtube)
2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ITB ბერლინის გამოფენის 100 ათასამდე ვიზიტორი გაეცნო.
ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გაიმართა გერმანიაში, რაც სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მოიცავდა: გერმანულ გამოცემებში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მოეწყო პრეს და გაცნობითი ტურები გერმანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვის. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები B2B ფორმატში.
საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ ლონდონის, ვარშავის, პარიზის, ჰელსინკის, მილანის, დუბაის, რიგის, თელ-ავივის, მადრიდისა და ბერლინის გამოფენაზე.
ევროპის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩაატარა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი გამოცემის „Khaleej Times“ საშუალებით. გამოცემა ფარავს შემდეგ ქვეყნებს: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კატარი და საუდის არაბეთი.