ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის „KITF 2016“ გამოფენაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ალმა-ათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „KITF 2016“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 12 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, Liberty Georgia Destination Management, Sairme hotels and resorts, Prestige tour, Levon Travel, Trawellin, Caucasus Travel, SW Travel, Georgia Travel RSP, Borjomi Palace, Georgian Travel Group.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან, სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და საქართველოს ტურისტული მიმართულებების გაცნობის საშუალება ჰქონდათ, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით გაიმართა პრეზენტაციები. ალმა-ათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2016“ 44 სახელმწიფოს 475 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 5 300 ვიზიტორი ეწვია.
ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის 3 თვეში ყაზახეთიდან საქართველოს 6290 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,7%-ით მეტია.