საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ITB Berlin 2024-ზე ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2024 მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს წამყვანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.
ITB Berlin-ის გამოფენას ესწრება გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.
მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.
საერთაშორისო გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები მონაწილეობენ.
გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლების ჩვენება.
ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.
ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილი 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ ამ სლოგანით 2023 წელს, საქართველო, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა. საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი სტენდი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.