საქართველო- თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
ტურიზმის სფეროში საქართველო- თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა ქალაქ სტამბოლში.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის სამთავრობო დელეგაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორების კიდევ უფრო დაახლოება, საერთო ტურისტული პროდუქტების შეთავაზება, გამოცდილების გაზიარება, მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტების განვითარება, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და ტურისტული ღონისძიებების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ქვეყნების ძირითადი ტურისტული მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პირდაპირი რეისების სიხშირეების კიდევ უფრო გაზრდის მზაობა. გაიმართა დისკუსია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. სამუშაო ჯგუფის ფორმატში ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა თურქული ტურისტული სექტორისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთანაც.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია.
შეხვედრები თურქეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ორგანიზებით გაიმართა.