საჯარო-კერძო დიალოგის შეხვედრა: ტურიზმის რეფორმა საქართველოში
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და ტურიზმის ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში, ტურიზმის რეფორმის პროგრესის განხილვა გაიმართა.
შეხვედრა მოიცავდა ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, რაც მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარებას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის განვითარებას.
ღონისძიებაზე „რეფორმეტრის“ გუნდმა წარადგინა ტურიზმის რეფორმის პირველადი შეფასების შედეგები, განიხილეს ტურიზმის ადგილობრივ მოსაკრებელზე ჩატარებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შედეგები, ასევე ბათუმისა და ქობულეთის განთავსების ობიექტების დამოკიდებულებების კვლევა ტურიზმის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რეფორმის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი უწყებების, ტურიზმის სექტორში არსებული ასოციაციების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„რეფორმეტრი“ შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესისა და ხარისხის ანალიზის მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს განმახორციელებელი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერას რეფორმების ცნობადობისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობას. 2015 წლიდან „რეფორმეტრის“ მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).