საქართველო მსოფლიო გავლენიანი მედიასაშუალებებისა და ბლოგერების ობიექტივში
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მსოფლიოში გავლენიან მედიასაშუალებებს უმასპინძლა. მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 54 პრეს-ტური გამართა და 482 ადამიანს უმასპინძლა. ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს National Geographic-ის, Conde Nast Traveller-ის, The Financial Times-ის, Independent-ის, Steller -სა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და პლატფორმების წარმომადგენლები გაეცნენ. ტურების შედეგად საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით პოსტი, სტატია, სიუჟეტი და ვიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო. პრესტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა, დაგეგმა და განახორციელა აქტივობები ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით. 8 გაცნობით ტურის შედეგად საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კურორტებსა და ინფრასტრუქტურას 58 ტუროპერატორი გაეცნო. ტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები თანამშრომლობის მიზნით ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.