„Highlander სვანეთი, საქართველო“-ლაშქრობის გლობალური პროექტი იწყება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთათვის „Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება.
პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერს პიტერ ვოთსონს მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის „Highlander“-ის მსოფლიო ელჩი და სამოგზაურო პლატფორმა “Atlas & Boots”-ის ბლოგერი საქართველოში პროექტში „Highlander სვანეთი, საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილი მოგზაური ბლოგერი თბილისს, მესტიას, უშგულს, ჰაწვალს, ქორულდის ტბებს, სტეფანწმინდას, ჯუთას, გერგეტის სამებასა და გველეთის ჩანჩქერის მოინახულებს.
ტურის ფარგლებში პიტერ ვოთსონი სოციალურ ქსელებსა და სამოგზაურო პლატფორმისთვის “Atlas & Boots” საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ბლოგებს მოამზადებს. გამოცემას მთელ მსოფლიოში თვეში 250 000 მკითხველი ჰყავს.
HIGHLANDER Georgia-ს მიზანია ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა.
HIGHLANDER GEORGIA ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში გაიმართება.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შანლენდი“ (დაფუძნებული ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში), სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, თიბისი ბანკი, „ჯეოლენდი“, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე, „ტერმინალი“, სოციალური მედია პარტნიორია – „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“.