ბელგიური მედიის წარმომადგენლები და სომელიეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიიდან ცნობილ ბლოგერებს, ჟურნალისტებსა და ღვინის ექსპერტებს უმასპინძლა. ღვინის ტურის ფარგლებში საქართველოს ბელგიიდან 17 კაციანი ჯგუფი ეწვია.
„აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მიზნობრივი ქვეყნების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს ბელგიიდან ღვინის ბლოგერებს, ქართული ღვინის პოტენციალის შესახებ სტატიები მომზადდება როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ მედიაში. ეს კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენთვის ამ ტურისტული პროდუქტის სწორი პოზიციონირება გავაკეთოთ და გავზარდოთ როგორც მიზნობრივი ბაზრების არეალი, ასევე ვიზიტორთა რაოდენობა“.-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
ბელგიელმა ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და სომელიეებმა თბილისის ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს მცხეთა, ესტუმრნენ კახეთს, სადაც შალაურის, რუისპირის, ალავერდის მარნები დაათვალიერეს. ღვინის ტურის მონაწილეები გაემგზავრნენ სამცხე-ჯავახეთში, მოინახულეს ახალციხე, ჭობარეთი, ვარძია, უდე, ბორჯომი, ტაშისკარი, ხოლო შიდა ქართლში სოფელი ატენი.
რეგიონებში ბელგიური მედიის წარმომადგენლებმა და ღვინის ექსპერტები ადგილობრივი ღვინისა და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.
„საქართველოში პირველად ვარ, დაინტერესებული ვარ ქართული ტრადიციული ღვინის შესწავლით, მე ბელგიაში ვასწავლი, რომ საქართველო ღვინის წარმოების პირველი ქვეყანაა და აქ სტუმრობის დროსაც დავრწმუნდით. საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს ევროპაში არ იყენებენ, ვფიქრობ საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს ევროპაში ღვინის ექსპორტის, ასევე იქცეს ღვინის ტურიზმის ძალიან კარგ მიმართულებად, რადგან ქართველი მეღვინეები მოტივირებულნი არიან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ, ეს მხოლოდ ღვინის მომზადება არ არის, მათგან მოდის დიდი ემოცია”.-აცხადებს ბელგიის სომელიეთა გილდიის წარმომადგენელი ლუკას დეფორჯი.
„საქართველო ძალიან კარგი ტურისტული მიმართულებაა, სტუმართმოყვარე ხალხითა და შთამბეჭდავი ღვინით. საქართველოში მოგზაურობა მოსახერხებელია როგორც ლაშქრობის, ასევე ღვინის დაგემოვნების მიზნით. ძალიან ბევრი ადგილი მოვინახულეთ, გავეცანით კულტურულ მემკვიდრეობას, დავაგემოვნეთ ღვინო და ვაპირებ ყველას გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები, ვინც საქართველოში მოგზაურობას გეგმავს“.-აცხადებს სომელიე და ბლოგერი პიტერ ბილცი.
ტურის დასრულების შემდეგ ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სოციალურ ქსელებში ფოტო და ვიდეო ბლოგებს, ხოლო ბელგიურ და ნიდერლანდურ ჟურნალებში Vino Magazine- De Morgen, PERSWIJN, De Standaard Knack Weekend სტატიებს განათავსებენ, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ბელგისა და ნიდერლანდებში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების გაზრდას.