GNTA Uzbekistan
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი დაესწრო.
პრეზენტაციას უზბეკეთის 65-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 11 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ქართული კერძო სექტორისა და უზბეკეთის საქმიანი ტურიზმის სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. ჩვენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით უზბეკეთში, სადაც ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან, ასევე მედიის წარმომადგენლებთან პრეზენტაცია და შეხვედრები გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ უზბეკ კოლეგებთან.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.