ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Mastercard-თან თანამშრომლობას აღრმავებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე Mastercard-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ნიკოლა ვილას და კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-პრეზიდენტს ენგინ იასარს შეხვდნენ. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.
შეხვედრაზე Mastercard-თან თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განხილეს. 2020 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც Mastercard ადმინისტრაციას საჭირო მონაცემებს აწვდის, რაც ეხმარება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სწორად განსაზღვროს სამიზნე ბაზრები, შეაფასოს მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ტენდენციები და შედეგად სათანადოდ დაგეგმოს მარკეტინგული კამპანიები.
Mastercard-თან თანამშრომლობა ხელს უწყობს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მონაცემების მიღებას და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს.