საქართველოს ტურიზმის პოტენციალის პრეზენტაცია ვილნიუსში
ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვილნიუსში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს MICE ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ღონისძიებას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიეტუეველ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.
ლიეტუვას დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე და “ეარ ბალტიკის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორივე ქვეყნის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილ ფრენებზე, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ესაუბრეს.
საქართველოს დელეგაცია ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ბალტიისპირეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. შემდეგი ვიზიტები ესტონეთსა და ლატვიაშია დაგეგმილი.