Georgia International Meetings Forum
პირველად საქართველოში, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) მხარდაჭერით მასშტაბური ფორუმი ტარდება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეების სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
2 დღიანი ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით და International Congress and Convention Association -ს ჩართულობით იმართება. ღონისძიებაზე 9 საერთაშორისო სპიკერია წარმოდგენილი. მომხსენებლებს შორის არიან: საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტი: ნინა პრეტორიუს-ფრეიზენი და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ხელმძღვანელები: სენტილ გოპინატი და ელიფ ბალჩი. ფორუმში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში, შემდეგი მთავარი საკითხები განიხილება:
• შეხვედრების ინდუსტრიის მაღალი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით.
• გლობალური შეხვედრების ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევები და ტენდენციები.
• საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობა.
• გლობალური შეხვედრების ინდუსტრიის სტრატეგიული წინსვლა.
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ICCA-ს ყოველწლიურ რეიტინგში (2017) რომელიც საქმიანი ტურიზმის სფეროს განსაზღვრავს საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 8 პუნქტით გაუმჯობესდა. 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 18 პუნქტით დაწინაურდა. რეიტინგის შესადგენად ICCA მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში საერთაშორისო ასოციაციების მიერ გამართული შეხვედრების რაოდენობას ითვლის.