ამბროლაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფესტივალს გამართავს
„გემო ფესტის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში 26-27 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული და ლეჩხუმური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინოც. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.
ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.
პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან: სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია.
პროექტის ფარგლებში გამოცდილი შეფ-მზარეულები რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს კერძების შერჩევასა და ვიზუალურ გაფორმებაში დაეხმარნენ. მონაწილე ოჯახებისა და კვების ობიექტებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა: სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება, ფასწარმოქმნა და ა.შ.