იმერეთის „გემო ფესტს“ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიამ იმერეთში, ქუთაისში „გემო ფესტზე“ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა. Thrilist-ის, Lonely Planet-ის, Sourced Journeys-ის, Matador-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.
„თქვენი ქვეყანა ულამაზესია. ხალხი, ბუნება, სამზარეულო – ეს შესანიშნავი სინთეზია. კერძები მართლაც უნიკალური გაქვთ. მოხიბლული ვარ საქართველოთი, რადგან ბევრის თქმა შემიძლია ამ ქვეყანაზე“,-ამბობს ტურის მონაწილე იოლანდა ევანსი, რომელიც სტატიებს Washington Post-ის, Arch Digest-ის, Food&Wine-ისა და სხვა გამოცემებისთვის ამზადებს.
რიგით მესამე „გემო ფესტზე“ იმერეთის 17 ობიექტი მონაწილეობდა. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებმა როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები წარადგინეს.
ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები „გემო ფესტის“, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმისა და ღვინის შესახებ სტატიებს ამზადებენ.
უცხოელი ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, სიღნაღში, ყვარელში, მცხეთაში, უფლისციხეში, მარტვილში. მედიის წარმომადგენლებმა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს.
პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.