„FollowMeTo“ საქართველოში
მსოფლიოში პოპულარულმა პროექტმა „FollowMeTo“-მ საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემა მოამზადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, არტპროექტ „FollowMeTo“-ს გადამღები ჯგუფის ექვსმა წევრმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა. რამდენიმე თვის წინ „FollowMeTo“-მ ფორმატი შეიცვალა და პროექტმა სატელევიზიო გადაცემის სახე მიიღო. გადაცემების წამყვანები მურად ოსმანი და ნატალია ზახაროვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ და სხვადასხვა ქვეყნების შესახებ სიუჟეტებს ამზადებენ. ერთ-ერთი პირველი გადაცემა სწორედ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს დაეთმო. 25 წუთიანი პროგრამა რუსეთის პირველ არხის ეთერით ყოველ კვირას გადაიცემა. პროექტის სრული აუდიტორია ხუთ მილიონ ადამიანს აჭარბებს.