ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. ”პირველი დახმარება“-სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა. ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა. ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი გადაეცა. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით წითელი ჯვარი ატარებს პირველი დახმარების ტრენინგს, ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მონაწილეებს თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. პირველი დახმარების ცოდნა აუცილებელია როგორც ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის“,-აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ირაკლი წურწუმია. „როდესაც ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება თითოეული წამი მნიშვნელოვანია, შესაბამისად აუცილებელია ვიცოდეთ რა მანიპულაციები უნდა ჩავატაროთ, რომ ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ეს ტრენინგი სასიცოცხლოდ აუცილებელია ვინც ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაშია, რადგან ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხება. ძალიან მოხარული ვარ რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ტრენინგს ვესწრები. ძალიან ხშირად ადმინისტრაციის მიერ ტარდება ისეთი კურსები, რომელიც გვჭირდება ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“,-ამბობს ტრენინგის მონაწილე ნათია გოგუაძე. ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება. პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია). პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში. პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს – კონტექსტიდან გამომდინარე). პირველი დახმარება სისხლდენის დროს. პირველი დახმარება სხეულის დაზიანების დროს და დაზარალებულის გადაყვანა (გადაადგილება უსაფრთხოდ). სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, გულყრა, ზედოზირება/მოწამვლა და სხვ.)