Euronews travel-ის ჟურნალისტი:-„საქართველოს ყველანაირი უნარი აქვს ევროპიდან ტურისტთა ახალი ნაკადის მოსაზიდად“
გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მათ შორის Euronews travel-ის გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ტურიზმის დღის ღონისძიების დაწყებამდე Euronews travel-ის ჟურნალისტი შარლოტ ელიზაბეტ ლიმბი თბილისის ტურისტულ ადგილებს, მუზეუმებსა და ქართულ კულინარიას გაეცნო.
„პირველად ვიმყოფები საქართველოში და რეგიონში. შორიდან რთულია იმაზე ფიქრი თუ რა სურათი დაგხვდება ადგილზე ჩასულს, რეალურად კი დიდ სილამაზეს წავაწყდი, აქ ცხადად იგრძნობა არქიტექტურისა და კულტურის ნაზავი. ახლახან მუზეუმი დავათვალიერეთ და მოხიბლული ვარ არქეოლოგიური არტეფაქტებით, ოქროს ნაკეთობები საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა. აღმაფრთოვანებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. საქართველოში მოგზაურობას უდავოდ ვუწევ რეკომენდაციას. საქართველოს ყველანაირი უნარი აქვს ევროპიდან ტურისტთა ახალი ნაკადის მოსაზიდად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი დაინტერესდება და საქართველო გადაიქცევა სამომავლო დანიშნულების ადგილად. რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამორჩეულად მიმზიდველია საქართველოში ახლა მოგზაურობა“,-ამბობს შარლოტ ელიზაბეტ ლიმბი.
საქართველოში Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იმყოფებიან. წამყვანი მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აშუქებენ და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი, მკითხველი და ონლაინ მომხმარებელი გაეცნობა.
27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.